პროექტის შესახებ

კრაკოვის ეროვნული მუზეუმის თავად ჩარტორისკების ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერები

ვებ-გვერდი შექმნილია  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2014 წელს გამოცხადებულ ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული სამეცნიერო პროექტის „პოლონეთში, კრაკოვის ეროვნული მუზეუმის თავადი ჩარტორიისკების ბიბლიოთეკაში დაცული XI-XVIII საუკუნეების თერთმეტი ქართული ხელნაწერი წიგნისა და მათი ანდერძ-მინაწერების შესწავლა (ხელნაწერი წიგნების აღწერილობა; ანდერძ-მინაწერების კორპუსი; კოდიკოლოგიური და ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევა)“ (FR/380/1-10/14) ფარგლებში (პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი – თემო ჯოჯუა).

სამეცნიერო პროექტს ორი ძირითადი მიზანი ჰქონდა:

  1. კრაკოვის ეროვნული მუზეუმის თავადი ჩარტორიისკების ბიბლიოთეკის ქართულ ხელნაწერ წიგნებსა და მათ ანდერძ-მინაწერებში დაცული ინფორმაცია, რომელიც სამეცნიერო საზოგადოებისათვის, პრაქტიკულად, უცნობი იყო, მაქსიმალური სისრულით შემოსულიყო სამეცნიერო მიმოქცევასა და ელექტრონულ სივრცეში.
  2. კრაკოვის ქართული ხელნაწერებისა და მათი ანდერძ-მინაწერების კოდიკოლოგიური და ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი შესწავლის საფუძველზე, სამეცნიერო ლიტერატურაში პირველად მომხდარიყო შესაბამისი ისტორიული და ლიტერატურული პროცესების რეკონსტრუქცია.

სამეცნიერო პროექტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ იყო წარდგენილი და მისსავე ბაზაზე განხორციელდა.

სამეცნიერო პროექტის განხორციელების შედეგად, მომზადდა და დაიბეჭდა წიგნი: „კრაკოვის ეროვნული მუზეუმის თავად ჩარტორისკების ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერები. ხელნაწერთა აღწერილობა შეადგინა, ანდერძ-მინაწერები გამოსაცემად მოამზადა, სამეცნიერო შესწავლის ისტორია და გამოკვლევები დაურთო თემო ჯოჯუამ“.

წიგნი კრაკოვის ქართული ხელნაწერებისადმი მიძღვნილ პირველ მონოგრაფიულ ნაშრომს წარმოადგენს და ორი ტომისაგან შედგება. ორივე ტომის ელექტრონული ვერსია ვებ-გვერდზეა ატვირთული.

გამოვთქვამთ იმედს, რომ სამეცნიერო პროექტის განხორციელების შედეგად შექმნილი წიგნი და ვებ-გვერდი დახმარებას გაუწევს როგორც ძველი ქართული სასულიერო მწერლობის სხვადასხვა დარგებით – ბიბლიოლოგიით, ლიტურგიკითა და ჰიმნოგრაფიით, ისე საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიითა და წმიდა მიწის ქართული კოლონიის თავგადასავალით დაინტერესებულ ქართველ და უცხოელ მეცნიერებს, აგრეთვე, ფართო საზოგადოებას.

Back to top of page